ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია გერმანიაში იმყოფებოდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია და სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან (Internationales Institut für Hospitality (IIFH)) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდნენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის პირობების გაცნობას, არსებულ და პერსპექტიულ პარტნიორებთან შეხვედრებს, მომავალი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისთვის ახალი პარტნიორების მოძიებას.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მეკლენბურგ-შვერინის თავისუფალი მიწის სახელმწიფო პარლამენტში და სავაჭრო სამრეწველო პალატაში, სადაც დელეგაციის წევრები მეკლენბურგის მიწაზე არსებულ პოტენციალს გაეცნენ, ასევე შედგა საუბარი მომავალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
გერმანიაში ვიზიტის შედეგად გადაწყდა, რომ ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების მსგავსად, საწარმოო პრაქტიკას გერმანიაში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებიც გაივლიან.
























