მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის თანამგზავრულმა საკომუნიკაციო სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

„მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გაგვეძლო. ბიზნესს აქვს საკუთარი სტრატეგიის ქონის უფლება. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-მა განაგრძოს მუშაობა. ჩვენ ველით, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, CNN-ის ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ილონ მასკის SpaceX-მა პენტაგონს გაუგზავნა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას.

წერილში მასკი პენტაგონს სთხოვს, თავის თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების დაფინანსება, რომელიც SpaceX-ის მტკიცებით, წლის დარჩენილ პერიოდში 120 მილიონ დოლარზე მეტი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კი - შეიძლება 400 მილიონ დოლარამდე დაჯდება.