უკრაინა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების ოლენივკას ციხეში ვიზიტს ითხოვს

უკრაინა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების ოლენივკას ციხეში ვიზიტს ითხოვს

უკრაინის ოფიციალური პირები „წითელ ჯვარს“ დონეცკში მდებარე ოლენივკას ციხეში მისიის განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მოითხოვა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების ციხის ტერიტორიაზე ვიზიტი ორშაბათამდე შედგეს.

„მეტ დროს ვერ დავკარგავთ. ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

იგივე მოთხოვნა გააჟღერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და ხაზი გაუსვა, რომ ეს „ვალდებულებები, პირველ რიგში, მორალური ხასიათისაა”.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სჯერა, რომ წითელი ჯვარი “არ არის კლუბი პრივილეგიებით, სადაც ადამიანი იღებს ხელფასს და ტკბება ცხოვრებით”.

მისი თქმით, ციხის ბანაკში მისია შეიძლება მოეწყოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მსგავსად, რომელიც აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვია.

„წითელ ჯვარს შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოხდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში „წითელი ჯვარი“ ბანაკზე წვდომას შეეცადა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა.

ოლენივკას ციხე დონეცკში 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ციხეში არსებული პირობები უკიდურესად მძიმეა. ივლისში, ციხეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ათობით უკრაინელი ტყვე დაიღუპა. კიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა ციხეზე იერიში წამებისა და მკვლელობის მტკიცებულებების გასანადგურებლად მიიტანა, მოსკოვმა კი მომხდარში უკრაინული რაკეტები დაადანაშაულა.