პორტუგალია უკრაინას საბჭოური წარმოების ვერტმფრენებს გადასცემს

პორტუგალია უკრაინას საბჭოური წარმოების ვერტმფრენებს გადასცემს

პორტუგალია უკრაინას საბჭოური წარმოების ექვს ვერტმფრენს გადასცემს. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა ელენა კარეირასმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კარეირასმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შედეგად საფრენი ლიცენზიები ჩამოერთვათ.

“უკრაინის თხოვნითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩვენ უკრაინას გადავცემთ “კამოვის” ვერტმფრენების ჩვენს პარკს, რომელთა ექსპლუატაციაც დღევანდელი სცენარის, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო ჩვენ აღარ შეგვიძლია, მათ ფაქტობრივად არ აქვთ საფრენი ლიცენზიები და მათ შეკეთებასაც ვერ შევძლებთ”, - აღნიშნა პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ვერტმფრენები ძალიან სასარგებლო იქნება უკრაინისთვის და “უკრაინელი კოლეგები ძალიან მადლობლები იყვნენ გაწეული დახმარებისთვის”. კარეირასის თქმით, ვერტმფრენების გადაცემა “რაც შეიძლება სწრაფად” უნდა მოხდეს.