რუსი დიპლომატი გაეროში აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გავიდეს

რუსეთმა გაერო-ს მოთხოვნების სია გაუგზავნა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, რომელსაც ვადა ნოემბერში ეწურება. ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოთხშაბათს მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მან პრეტენზიების სია ჩამოაყალიბა.
მათი განხილვა კვირას, მოსკოვში გაეროს წარმომადგენლების რუსულ მხარესთან შეხვედრაზე იგეგმება.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა მხარი არ დაუჭიროს „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას, მან განაცხადა: „არსებობს ასეთი შესაძლებლობა... ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მარცვლეულის მიწოდების, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა იყოს თანაბარუფლებიანი და სამართლიანი, რომელიც ყველა მხარემ პატიოსნად უნდა შეასრულოს“.
რუსმა დიპლომატმა ასევე მოიყვანა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ფაქტი, როგორც „ტერორისტული აქტების“ მაგალითი, რომელიც, მისი თქმით, „ართულებს პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას“ რუსეთსა და უკრაინას შორის.
უცნობია, კონკრეტულად რა პრეტენზიები წაუყენა რუსეთმა გაეროს. გატილოვმა უარი თქვა წერილის ასლის წარმოდგენაზე.
ცნობისთვის, ივლისში, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, დაიდო შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რომლებიც დაკეტილია რუსეთის შემოჭრის შემდეგ. მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტთან დაკავშირებით.

























