ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვაქვს ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მაგრამ ის ცოტაა - ჩვენ 10% გვაქვს იმის, რაც გვჭირდება

უკრაინას საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხოლოდ 10% აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დამსწრეთა კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი საჰაერო თავდაცვა. მაგრამ ის ცოტაა. ტერიტორიულად დიდს, ტექნიკისა და რაკეტების დიდი რაოდენობის მქონე სახელმწიფოს ვებრძვით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას სურს, რომ ცის ჩაკეტვის შესაძლებლობა არსებობდეს. მან აღნიშნა, რომ გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო აშშ-მა დაადასტურა მხარდაჭერა ამ მხრივ.
“ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ეს დახმარება რამდენჯერმე დიდი იყოს. საფრანგეთისგან და იტალიისგან ასევე ძლიერ ნაბიჯებს ველით, რომ ჩვენ დაგვეხმარონ. ჩვენ 10% გვაქვს იმის, რაც ჩვენ გვჭირდება”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინისკენ 130 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა და ათობით დრონს იყენებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინამ მტრის 40 დრონი ჩამოაგდო.

























