„ქართული ლეგიონის“ გადამზადების ცენტრის მეთაური - დროა, საქართველომ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად გამოაცხადოს

„ქართული ლეგიონის“ გადამზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკ კახა ბასილაიას განცხადებით, დღეს უკრაინისთვის ძალიან ტრაგიკული დღე იყო.
მისი თქმით, როცა იბომბება სამოქალაქო ობიექტი, სადაც ხალხს სძინავს და სადაც ხალხი ცხოვრობს, ეს უკვე ტერორიზმია და დროა საქართველომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.
როგორც კახა ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, გაგრძელდება სარაკეტო დარტყმები, ძირითადი სამიზნეები კი ისევ სამოქალაქო ობიექტები იქნება.
„დღეს უკრაინისთვის ძალიან ტრაგიკული დღე იყო და ჩვენი ლეგიონისთვის. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენი მებრძოლი, პატრიოტი, ერთგული ადამიანი ედიშერ კვარაცხელია. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. ის, რაც დღეს უკრაინაში მოხდა შევადარებ იმას, რაც მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში. რუსეთმა დღეს უკრაინას 80-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა მიაყენა - ყველა დიდ ქალაქს, მათ შორის, კიევსაც. ყველა სარაკეტო დარტყმა მიმართული იყო სამოქალაქო ობიექტებზე. იბომბებოდა სკოლა, ქალაქი, ხიდები. როცა ბომბავ სამოქალაქო ობიექტს, სადაც ხალხს სძინავს, სადაც ხალხი ცხოვრობს, ეს უკვე ტერორიზმია. ვფიქრობ, დროა, მათ შორის, ჩვენმა ქვეყანამაც რუსეთი გამოაცხადოს, როგორც ტერორისტული ქვეყანა. ტრაგედიაა ჩვენთვისაც ასეთი მეზობელი, რომ გეყოლება.
8 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის მთავარსარდლად მიხაილ მიზინცევი დანიშნა, რომელიც ცნობილია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში, მრისხანე და დაუნდობელ გენერლად. 8 ოქტომბერს დაინიშნა გენერალი მიზინცევი და 2 დღეში მან განახორციელა ასეთი დარტყმები. იყო ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები. იყო ირანის დრონები, რომელიც რუსეთმა ირანისგან შეიძინა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მოხვდა რუსეთში. სამწუხარო არის ის, რომ დღევანდელი დილის დაბომბვით არ დასრულდება. მარაგი რუსებს ჯერჯერობით აქვთ. უახლოესი დღეები სარაკეტო დარტყმები გაგრძელდება. გენერალი მიზინცევი, ვინც იცის ვინ არის, იციან, რომ ის არ გაჩერდება.
რუსული შეიარაღებული ძალების მოქმედება ემსახურება უკრაინელების გატეხვას. ძირითადი ობიექტები ისევ იქნება სამოქალაქო ობიექტები. დღეს კიევის მოსახლეობის ნაწილი, ალბათ, მეტროში დარჩება. ითრგუნება მოსახლეობა, მაგრამ არ მგონია, რომ ამით გატეხონ უკრაინელი ხალხი. არ მგონია, რომ უკრაინელებმა 1 მეტრი მიწაც კი დათმონ. ბოლომდე იბრძოლებენ“,- განაცხადა ბასილაიამ.
მისი შეფასებით, უკრაინის მთავრობა ბირთვული თავდასხმის საფრთხეს სერიოზულად აღიქვამს.
მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებს უტარდებათ შესაბამისი ლექციები თუ როგორ დაიცვან თავი ბირთვული თავდასხმის დროს.
„არ მგონია, რომ, აუცილებლად ტაქტიკური ბომბი ჩამოაგდონ, მაგრამ არის შესაძლებელი ატომურ ელექტროსადგურს მიაყენოს დაბომბვა. შეიარაღებულ ძალებში გვიტარდება ინსტრუქცია, თუ რა მოხდება რადიაციის დროს. რა პრეპარატები უნდა მივიღოთ და რა უნდა მოვიმოქმედოთ, ასეთი ლექციები სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. როგორც ხედავთ ვლადიმერ პუტინი არაადეკვატურია, მარტო თვითონ განაგებს ყველაფერს. ამიტომ არის საშიშროება, რომ მოხდეს ან გაჟონვა ან პირდაპირი დარტყმა ტაქტიკური ბომბის გამოყენებით“, - განაცხადა ბასილაიამ.

























