გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოვლინდნენ, მათ შორისაა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოვლინდნენ, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
უნივერსიტეტის ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ლაურეატებს შორის არიან: იენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც ფენრიხი, ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ბონის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინცგერდ ბრაკმანი, აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საბჭოს შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელი ლაურეატები გამოავლინა, შედიოდნენ: დავით ყოლბაია (თავმჯდომარე) ვარშავის უნივერსიტეტი; ჰენრიკ პაპროცკი, ვარშავის სასულიერო სემინარია; ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იან მალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტი; ბერნარ უტიე, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემია; იოსტ გიპერტი, ფრაკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი.
























