გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „გარისობა 2022-ს“ დაესწრო

გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „გარისობა 2022-ს“ დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „გარისობა 2022-ს“ დაესწრო.

სახალხო დღესასწაულს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ლიეტუვას დელეგაციის წევრები, ასევე მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათი ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა.

„დღეს, ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ღონისძიებაზე, გამოფენილია მათი ხელნაკეთი ნივთები, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია 25 კუთხე თავისი კულინარიითა და დეკორაციით, ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის, რეგიონისა და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა, „საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭეს: ლეილა მეხრაძეს, ალექსანდრე ჩივაძესა და გოჩა აფციაურს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მხარისა და მუნიციპალიტეტის წინაშე.