ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის შესახებ საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი 24 თებერვლამდე პერიოდს გულისხმობდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, სერჰი ნიკიფოროვის განმარტებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს და აუცილებელია პრევენციული დარტყმები, 24 თებერვლამდე პერიოდს შეეხებოდა და მედიამ არასწორი ციტირება მოახდინა.
„კოლეგებო, თქვენ ცოტა შორს წახვედით თქვენი ბირთვული ისტერიით და ბირთვული დარტყმები იქაც კი გესმით, სადაც არ არის. პრეზიდენტმა 24 თებერვლამდე პერიოდზე ისაუბრა. მაშინ საჭირო იყო პრევენციული ზომების გამოყენება, რათა რუსეთისთვის ომის დაწყებაში ხელი შეეშალათ“, - აღნიშნა ნიკიფოროვმა.
შეგახსენებთ, გუშინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ავსტრალიაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებაში აღნიშნული განცხადება მესამე მსოფლიო ომისკენ მოწოდებად შეაფასეს.

























