გუბერნატორი - ოკუპანტები ზაპოროჟიეს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს

რუსი ოკუპანტები ქალაქ ზაპოროჟიეს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორ რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.
„დღეს ოკუპანტმა პირველად გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136 -ი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ალექსანდრ სტარუხმა.
მისი თქმით, ოკუპანტები ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა ხელმისაწვდომ იარაღს იყენებენ.
„რაკეტები, მრავალჯერადი გაშვების რაკეტები, არტილერია, ახლა ასევე ეგრეთ წოდებული „კამიკაძე“ დრონები. ფრთხილად იყავით! არ შეეხოთ საბრძოლო მასალის ნარჩენებს. დაიცავით უსაფრთხოების ზომები. დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები“, - მოუწოდა გუბერნატორმა მოსახლეობას.

























