სომხეთისა და აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრა ბრიუსელში ოქტომბერში გაიმართება

სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრაღაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
„სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ალმა ატას 1991 წლის დეკლარაციის მიმართ, რომლითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხარეებმა განაცხადეს, რომ ეს არის დელიმიტაციის კომისიების საქმიანობის საფუძველი და კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში უნდა გაიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, სომხეთი თანახმაა ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნას აზერბაიჯანის საზღვართან. ამ კომისიასთან თანამშრომლობაზე თანხმობა აზერბაიჯანმაც გამოხატა. მისიის მუშაობა ოქტომბერში დაიწყება და ორ თვეში დასრულდება. მისიის მიზანი იქნება ნდობის ჩამოყალიბება და სასაზღვრო კომისიებისთვის დახმარების გაწევა.

























