კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საგარეჯოს მერმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოს მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ალადაშვილმა და ავთანდილ გულიკაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს.
„პატივცემულო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! მე ვფიქრობ, რომ ეს დღე ეკუთვნის ყველაზე კეთილშობილური პროფესიის ადამიანებს. იყო მასწავლებელი არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლებას, ფლობდე პედაგოგის პროფესიას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანის, თაობების ცხოვრებისა და აზროვნების ფორმირების პროცესში შეგეძლოს სასიცოცხლოდ, მნიშვნელოვანი როლის შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი სიკეთით ასრულებს ამ მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც ჩვენი მომავალი თაობების ჯანსაღი აზროვნების საწინდარია, თქვენი მოსწავლეების მიერ სამყაროს სწორი აღქმა მათთვის მომავლის იმედის, სტიმულისა და მოტივაციის საფუძველი ხდება. ამიტომ გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებისას.
ვაჟღერებ ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მომავალი წლიდან კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მასწავლებლები ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან,"- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 26 საჯარო, 1 კერძო სკოლის და 26 საბავშვო ბაღის 600 მასწავლებელი ესწრებოდა.
























