ომის შესწავლის ინსტიტუტი - ხარკოვში უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ეს შეტევა ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევს

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ეს შეტევა ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევს.
„უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში აიღეს ჰრეკივკა და მაკიივკა. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს ლუგანსკის ოლქის სოფლების გათავისუფლება დაიწყეს. უკრაინულმა ძალებმა თავიანთი კონტრშეტევის მანევრული ფაზა, რომელმაც ახლა ლუგანსკის ოლქში მიაღწია, 6 სექტემბერს დაიწყეს“, - აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.
მათივე შეფასებით, რუსულმა ძალებმა ვერ მოახერხეს მდინარეების ოსკილისა და სივერსკი დონეცის ნაპირების შენარჩუნება და მათი, როგორც ბუნებრივი საზღვრების გამოყენება, რათა თავიდან აეცილებიათ უკრაინული ძალების წინსვლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის დაუცველი მონაკვეთებისკენ.
„ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის რელიეფი შესაფერისია სწრაფი მანევრული ომის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში სექტემბრის დასაწყისში“, - აღნიშნულია ანგარიში.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, ღია წყაროებში ჯერ არ არის იმის ნიშნები, რომ რუს სამხედროებს მნიშვნელოვნად აქვთ გამაგრებული ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილი.

























