ჯოზეფ ბორელი - ჩვენ შევთავაზეთ სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მედიაციის მისიის განლაგება, სომხეთი თანახმაა, აზერბაიჯანი - არა

ჩვენ შევთავაზეთ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მედიაციის მისიის განლაგება, სომხეთი თანახმაა, აზერბაიჯანი - არა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ძალისხმევებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად.
“ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეიქმნას ევროკავშირის მედიაციის მისია და იგი საზღვარზე განვათავსოთ. სომხეთი თანახმაა, აზერბაიჯანი - არა. მეტი რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? ჩვენ არ ვაპირებთ ევროკავშირის სამხედროების ორივე მხარის თანხმობის გარეშე გაგზავნას”, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ბრძოლა სადავო ტერიტორიებზე აღარ მიმდინარეობს, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე.
“ისინი [აზერბაიჯანელები] იყენებენ არტილერიას, ისევე როგორც დრონებს. ჩვენ არ ვხედავთ სადავო ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების გაგრძელებას. პირიქით, ჩვენ ვხედავთ შეჭრას სომხეთის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს ბაქოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ მოუთხოვია აზერბაიჯანისთვის სანქციების შემოღება.

























