რუსებმა კიევის ოლქს „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს, ქალაქ ბილა-ცერკვაში ხანძარია

კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას რუსი ოკუპანტები „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაშავებულის შესახებ.
„გვაქვს ინფორმაცია ბილა-ცერკვაში რამდენიმე აფეთქების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ქალაქს თავს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ. ამის გამო ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი“, - წერს კულება.
მისი თქმით, ადგილზე უკვე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

























