"ქართული ოცნების" წევრი - სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები არალეგიტიმურობის არცერთ ნიშანს არ ატარებს

სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები არალეგიტიმურობის არცერთ ნიშანს არ ატარებს, - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა საბა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნება" მოიპოვებს მყარ უმრავლესობას. რაც შეეხება ოპოზიციას, ოდიშარია ამბობს, რომ მათ იმთავითვე წაგებულ თამაშში არ მიიღეს მონაწილეობა.
“არალეგიტიმურობის არცერთ ნიშანს აღნიშნული შუალედური არჩევნები არ ატარებს. ოპოზიციამ თავისი ნებით თქვა უარი. გასაგებია რატომ თქვეს უარი, იმთავითვე წაგებულ თამაშში მონაწილეობის მიღება არ სურდათ", - განაცხადა საბა ოდიშარიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და არჩევნებში არ მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ სენაკში, 64-ე ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულო დატოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. დღეს ამომრჩეველს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ზაზა ყურაშვილსა და მოძრაობა " სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
























