„ნაცმოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს

„ნაცმოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კუჭავამ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდსა და თეკლათში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით,“ქართული ოცნების” პრიორიტეტებია ხელისუფლება, ძალაუფლება და ფულის შოვნა, რასაც „წარმატებით ახორციელებს“.

„ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ 6 თვის განმავლობაში თუ არ შეიკრიბა საკრებულო, უნდა დაიშალოს და უნდა მოხდეს მისი ხელახალი არჩევა, რასაც “ქართული ოცნება” არაფრად აგდებს და არც აინტერესებს. “ქართული ოცნების” პრიორიტეტებია ხელისუფლება, ძალაუფლება და რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა, რასაც წარმატებით ახორციელებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ყოფილმა წევრმა უღალატა თავის პრინციპებს, საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ სოფელს, გაიყიდა ისე, როგორც სენაკის ბაზარში იყიდება მწვანილი. სამწუხაროდ, ასე ადვილად გაიყიდა. შედეგად დადგა ის, რომ “ქართული ოცნება” სენაკში გაიფორმებს უმრავლესობას, რომელიც გააჩნდა ოპოზიციას",- განაცხადა ლაშა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიცია საკრებულოში ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას.

“ქართული ოცნება” არ შემოდიოდა, თორემ ჩვენ ყველა სხდომას ვესწრებოდით. ჩვენ უფრო მეტად ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, არა მარტო სენაკში, არამედ მთელ საქართველოში ჩამოცილდება რუსული ოცნება ხელისუფლებას, დამთავრდება მარაზმი და ქვეყანა დაადგება განვითარების გზას”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 101-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სულ რეგისტრირებულია 2 307 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. სენაკში, #64 ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულო დატოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. დღეს ამომრჩეველს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ზაზა ყურაშვილსა და მოძრაობა " სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.