უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინა ტყვეების გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს ტყვეების “ყველას ყველაზე” გაცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
განცხადების თანახმად, ბუდანოვი უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდა.
“კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს მუშაობას ტყვეების გაცვლაზე, ეს სამუშაო არასდროს ჩერდება. კერძოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ყველას ყველაზე” გაცვლაზე.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა ცალკე გაცვლებზე. ეს ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. მაგალითისთვის, 21 სექტემბრის გაცვლა, რომლის დროსაც 215 დამცველი გათავისუფლდა, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაშიი მზადდებოდა”, - წერია განცხადებაში.

























