გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას გორის ვიცე მერი ნიკა ღვინიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, მოსწავლეთა ტურისტული კლუბების წევრები და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დაწყებამდე, მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„27 სექტემბერი ტურიზმის საერთაშორისო დღეა. სანამ ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდე, არ შემიძლია არ გავიხსენო 1993 წლის 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. ჩვენმა გმირებმა აფხაზეთში სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ. ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა სჭირდება. ძლიერი ეკონომიკა ტურიზმის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს. ტურიზმის განვითარება გორის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გორს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებს განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ ბევრი იდეის, გეგმისა და პროექტის განხორციელებას, რაც ტურისტული სექტორის წინსვლას ხელს შეუწყობს," - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.
მერიის ცნობითვე, ღონისძიებაზე პროექტ „მოსწავლეთა ტურისტული კლუბების“ პრეზენტაცია გაიმართა. გორის მე-5 საჯარო სკოლის ტურისტულ კლუბ „ჰორიზონტს“ შექმნიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნავად სერტიფიკატი გადაეცა.
აქტივობა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.
























