რუსული მედიის ინფორმაციით, დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ. „რეფერენდუმებზე“ აქტივობამ 76%-ს გადააჭარბა, ზაპოროჟიეში - 51%-ს, ხერსონში კი - 50%-ს

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მიმდინარე რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა სამ დღეში 76 პროცენტზე მეტი იყო, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში - 48 პროცენტს გადააჭარბა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის“ წარმომადგენელმა, რუსეთის სამოქალაქო პალატის წევრმა, ალექსანდრ ხოლოდოვმა განაცხადა.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში აქტივობა 76.09 პროცენტია, დონეცკში - დღეის მდგომარეობით, სამ დღეში აქტივობა 77.12 პროცენტია. ზაპოროჟიეს ოლქში - 51.55 პროცენტია. ხერსონში კი - 48.91 პროცენტი“, - განაცხადა ხოლოდოვმა ბრიფინგზე.
მოგვიანებით, ხერსონის ოლქის ე.წ. „საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა“ მარინა ზახაროვამ განმარტა, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული აქტივობის გათვალისწინებით, „კენჭისყრა“ შეიძლება ჩაითვალოს გამართულად, რადგან მთლიანმა აქტივობამ გადააჭარბა საჭირო 50 პროცენტს.
აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყალბი ე.წ. „რეფერენდუმები“ ტერიტორიის მიტაცების ლეგიტიმაციის მცდელობის მიზნით „პროპაგანდისტული ტრიუკებია" და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ე.წ. „რეფერენდუმები“ მიმდინარეობს, მოსახლეობას აიძულებენ, მათ შორის ზოგჯერ იარაღის მუქარით, ხმა მისცენ ანექსიას.
„ეს არ არის ნამდვილი კენჭისყრა", - აღნიშნა კარპენტერმა და გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს.

























