გიორგი ალადაშვილის ინიციატივით კახეთში სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით კახეთში სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.

"თქვენთვის იწყება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, უბედნიერესი სტუდენტობის წლები, გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, მონაწილოება მიიღოთ გაცვლით პროგრამებში, ნახოთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემა, მიდგომები. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ საზღვარგარეთ სწავლის დროს, დავრწმუნდი, მე ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნებულიყავი, რათა იქ შეძენილი გამოცდილება ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამომეყენებინა.

არ გასულა ერთი თვე, რაც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დავინიშნე, რეგიონში არ ვტოვებ ახალგაზრდულ ღონისძიებებს და მაქსიმალურად ვცდილობ თქვენთან მოვიდე, შეგხვდეთ, გავიზიარო თქვენი შეხედულებები, გაჩვენოთ ჩემი მზაობა ნებისმიერი საინტერესო იდეისთვის, რაც ჩვენი კახეთის, ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩემი ინიციტივით, რეგიონის ოქროს მედალოსანი და ვერცხლის მედალოსანი ახალგზარდები ყოველწლიურად ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან, ინიციატივა ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიური ხასიათის გახდება, რადგან

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ახალგაზრდების განათლება გახლავთ" - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.