ლადო მგალობლიშვილი - ნაციონალურმა მედიამ, ბათუმში, ირაკლი კობახიძის წიგნის გავრცელების ფაქტი, ბოლშევიკურ სტილში, „დანაშაულად“ შერაცხა

ლადო მგალობლიშვილი - ნაციონალურმა მედიამ, ბათუმში, ირაკლი კობახიძის წიგნის გავრცელების ფაქტი, ბოლშევიკურ სტილში, „დანაშაულად“ შერაცხა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ბათუმში, სტუდენტებისათვის ირაკლი კობახიძის წიგნების გადაცემის ფაქტის ზოგიერთი მედიასაშუალებით არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქებას ეხმაურება.

როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, „ნაციონალურმა მედიამ, ბათუმში, ირაკლი კობახიძის წიგნის გავრცელების ფაქტი, ბოლშევიკურ სტილში, „დანაშაულად“ შერაცხა“.

„როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძე, გარდა პოლიტიკოსისა, გახლავთ სამართლის დოქტორი, დღეს მოქმედი ევროპული კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და საქართველოში აღიარებული უმაღლესი კლასის კონსტიტუციონალისტი. მისი ავტორობით, 2019 წელს, გამოიცა სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში, რომელშიც საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ნორმები, შედარებით ჭრილში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა განმარტებული. სახელმძღვანელოში, ასევე დეტალურადაა განმარტებული კონსტიტუციის თითოეული მუხლი.

წიგნი დაწერილია მარტივ, გასაგებ ენაზე და ის განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი უმაღლესი დონის სახელმძღვანელო საქართველოში არ გამოცემულა. მისასალმებელია, რომ ბათუმელი სტუდენტებისთვის ეს სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ყოველგვარი საზღაურის გარეშე. თუმცა, ნაციონალურმა მედიამ, ბათუმში, წიგნის გავრცელების ფაქტი ბოლშევიკურ სტილში, „დანაშაულად“ შერაცხა და მტრულად წარმოაჩინა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბევრ ოპოზიციურ ლიდერს, წიგნის დაწერა კი არა, წაკითხვაც კი არ შეუძლია.

ბოლშევიკები, გარდა იმისა რომ ფიზიკურად ანადგურებდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, ასევე სასტიკად კრძალავდნენ მათი წიგნების კითხვას, გავრცელებას და პირდაპირ კოცონზე წვავდნენ მათ ნაშრომებს“, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.