მედია - იზიუმში აღმოჩენილ ცხედრებს შორის მინიმუმ 17 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარია

მედია - იზიუმში აღმოჩენილ ცხედრებს შორის მინიმუმ 17 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარია

იზიუმის ტყეში, სადაც 400-ზე მეტი ცხედრის მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, ერთ-ერთ შედარებით დიდ საფლავზე დგას ნიშანი, რომ იქ 17 უკრაინელი ჯარისკაცია დამარხული, - ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

გამოცემის ჟურნალისტები ცხედრების აღმოჩენის ადგილს ეწვივნენ და ნახეს, რომ საფლავებზე უბრალო ხის ჯვრებია, რომელთა უმეტესობაზე მხოლოდ ნომრებია აღბეჭდილი.

ამასთან, იზიუმის ერთ-ერთი ადგილობრივის, სერგეი გოროდკოს განცხადებით, მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალულია ათობით ზრდასრული და ბავშვი, რომლებიც რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ.

„ისინი საკუთარი ხელებით ამოვიყვანე ნანგრევებიდან“, - აღნიშნა გოიროდკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია. ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარი გამომძიებლის, სერჰი ბოლვინოვის თქმით, ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და მათ სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.