უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - რუსეთისთვის ტყვეთა გაცვლის მხრივ პრიორიტეტია ელიტური ქვედანაყოფები, „კადიროველები“, უკრაინისთვის - დაჭრილების, ქალებისა და ტყვეობაში დიდხანს მყოფების დაბრუნება

რუსეთისთვის ტყვეთა გაცვლის მხრივ პრიორიტეტშია ელიტური ქვედანაყოფები, „კადიროველები“, ოფიცრები და პილოტები, მაშინ როცა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დაჭრილების, მძიმედ დაჭრილების, ქალებისა და ტყვეობაში დიდხანს მყოფების დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ელენა ვისოცკაიამ განაცხადა.
„მარტივად რომ აღვწეროთ, მოლაპარაკებებისთვის უფლებამოსილი ჯგუფები და სიები არსებობს და ყოველი მხარე თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს. ჩვენი პრიორიტეტია - დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები, ქალები და ისინი, ვინც უკვე დიდი ხანია ტყვეობაშია. ამ მხრივ ჩვენ ახალი არაფერი მოგვიფიქრებია“, - განაცხადა ვისოცკაიამ.
ამავროულად, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთისთვის მებრძოლები შორეული რეგიონებიდან და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებიდან“ ელიტურ ქვედანაყოფებზე, „კადიროველებზე“, ოფიცრებსა და პილოტებზე ნაკლებად პრიორიტეტულია.
„ძალიან განსხვავებული მიდგომებია გაცვლითი სიების მიმართ. ამიტომ, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და ხალხი რუსეთის შორეული რეგიონებიდან არ არიან პრიორიტეტი გაცვლისთვის. თუ ისინი ვინმეს დაბრუნებით დაინტერესებულნი არ არიან, [ან] ძალიან უნდათ ვინმეს დაბრუნება - მოლაპარაკებები შეიძლება მუდმივად ჩაიშალოს“, - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

























