ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი როგის კაშხლის დაბომბვაზე - ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა შეუძლიათ

ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი როგის კაშხლის დაბომბვაზე - ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კრივოი როგის დატბორვის მცდელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა შეუძლიათ.

„ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჯერად - ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე სარაკეტო დარტყმა და კრივოი როგის დატბორვის მცდელობა. ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა შეუძლიათ, საგანგებო სიტუაციის შექმნა, ხალხის სინათლის, გათბობის, წყლისა და საკვების გარეშე დატოვების მცდელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინელებს ვერ გატეხენ, თავად კი ამ ქმედებებისთვის პასუხს აგებენ.

სამხრეთ უკრაინის ქალაქ კრივოი როგის ოფიციალური პირების განცხადებით, 112 სახლი დაიტბორა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა კაშხალზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ორი რაიონის 22 ქუჩის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.