ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ირანული წარმოების დრონები უკრაინაში, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა

რუსეთმა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
„უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 13 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათმა ძალებმა კუპიანსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“ ჩამოაგდეს. ეს არის ცალმხრივი თავდასხმის იარაღი, რომლის დიაპაზონი 2 500 კილომეტრია. ირანული წარმოების მსგავსი სისტემები, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში, განხორციელებული თავდასხმების დროს გამოიყენეს, მათ შორის ნავთობის ტანკერ MT MERCER STREET-ზე 2021 წლის ივლისში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, სულ უფრო ხშირად იძენს იარაღს სხვა მკაცრი სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რადგან მისი მარაგები მცირდება.
„შაჰედ-136-ის ჩამოგდება ფრონტის ხაზთან მიგვანიშნებს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმების განსახორციელებლად და არა სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

























