სომხეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართავს

სომხეთის მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
სომხური მედიის თანახმად, პეტიცია სტრასბურგში უახლოეს საათებში გაიგზავნება.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით წერილს ოფიციალური ერევანი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსაც გაუგზავნის.
შეგახსენებთ, სომხური მხარე აზერბაიჯანს საკუთარ საზღვრებთან სამშაბათს დილით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგე უპილოტო საფრენი აპარატებსაც იყენებდა.
როგორც სომხური მედია წერს, დღეს 14:00 საათის მდგომარეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ ნაწილში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დაბომბვის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანული მხარე პოზიციური წინსვლის მცდელობებს, განსაკუთრებით რამდენიმე სოფლის მიმართულებით აგრძელებს.
News.am-ის ცნობით, აზერბაიჯანის „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა პირველადი რაოდენობა 49 ადამიანს შეადგენს“.
ამასთან, აზერბაიჯანი სომხეთს „ფართომასშტაბიან პროვოკაციაში“ ადანაშაულებს.

























