გუბერნატორი - ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ თბოელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვში, რუსების მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს.
"ხარკოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა მამაკაცი - საწარმოს თანამშრომელი. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ", - განაცხადა მან.
ხარკოვის გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილემ ხარკოვის ოლქში, ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა, რომ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე კიდევ ერთ თანამშრომელს ეძებენ.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად მტრის ყველა მცდელობისა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით გავლენა მოახდინოს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

























