რუსეთმა სანქციები აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქეს, მათ შორის შონ პენსა და ბენ სტილერს, დაუწესა

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ოფიციალურმა მოსკოვმა სანქციები დამატებით აშშ-ის 25 მოქალაქეს დაუწესა. BBC-ის ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი არიან. სანქციები ასევე დაუწესდა რამდენიმე ამერიკელ კონგრესმენს, ოფიციალურ პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დიდი ხანია, ღიად გამოხატავენ.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შონ პენი უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა. ის ბუჩასა და ირპენს ეწვია. ბენ სტილერი კი ივნისში კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა.

























