„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - ფინეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გამომძიებელი ჟურნალისტების დევნა მიუღებელია

„ფინეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გამომძიებელი ჟურნალისტების დევნა მიუღებელია“, - ამის შესახებ დღეს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ატილა მონგის განცხადებით, ისინი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.
„ფინელი ჟურნალისტების რეპორტაჟი საზოგადოების ინტერესებში იყო. მათი სამართლებრივი დევნა არასწორ გზავნილს უგზავნის მსგავს თემებზე მომუშავე სხვა ჟურნალისტებს“, - აღნიშნა მონგიმ.
ცნობისთვის, 2017 წლის 16 დეკემბერს, ადგილობრივ გაზეთ Helsingin Sanomat-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სამი ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე „სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების“ მუხლითაა აღძრული. აღნიშნულ პუბლიკაციაში საუბარი იყო ფინეთის სადაზვერვო კვლევის ცენტრის საქმიანობაზე, რომელიც სამხედრო დაზვერვის ოპერაციებს აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამ ჟურნალისტს მინიმუმ 18-თვიანი პირობითი სასჯელი ემუქრება.

























