უკრაინის პორტებიდან 1.67 მილიონ ტონაზე მეტი სურსათია ექსპორტირებული

უკრაინის პორტებიდან, 1-ელი აგვისტოს შემდეგ, 1.67 მილიონ ტონაზე მეტი სურსათია ექსპორტირებული, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის სამი პორტიდან ექსპორტირებული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების მთლიანმა მოცულობამ 1 677 396 ტონა შეადგინა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, გააფორმეს შეთანხმება უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - განბლოკვისა და უკრაინიდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმების განხორციელება 1-ელი აგვისტოდან დაიწყო.

























