უკრაინელებმა სამხრეთში 80-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთში 80-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და მტრის კუთვნილი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოპერატიულ ზონაში ვითარება სტაბილურად დაძაბულია, მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებებს ტაქტიკურ დონეზე აგრძელებს და დანაყოფების როტაციას ცდილობს.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რუსი ოკუპანტები ძალის დემონსტრირებას ავიაციის დახმარებით ახორციელებენ. გასული დღის განმავლობაში მათ 5-ჯერ შეუტიეს უკრაინის პოზიციებს, მაგრამ უშედეგოდ.
„სამაგიეროდ, ჩვენმა საარტილერიო ნაწილებმა მტრის 13 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ჯარები წუხელ თავს დაესხნენ ნიკოპოლისა და კრივოი-როგის რაიონებს. ოკუპანტებმა ნიკოპოლს, მარგანეცსა და კრასნოგრიგოროვსკის ტერიტორიებს დაარტყეს.
„კრასნოგრიგოროვკაში დაზიანდა ათზე მეტი სახლი, ტაძარი, საწარმო, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენები. მარგანეცის ინდუსტრიული ზონა „გრადის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა დილით მძიმე არტილერიით დაბომბეს მიკოლაივის საპორტო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. დაიღუპა ორი და დაშავდა 24 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
„მტრის ზარალი შეადგენს 82 რაშისტასა და 30 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ორ T-72 ტანკს, 11 ერთეულ Msta-B ჰაუბიცას. ი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - "გრადებსა" და "ურაგანებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლო საწყობები ბერისლავის, ვისოკოპოლიეს, ანტონოვკას ტერიტორიაზე და გაანადგურა გადასასვლელი, რომელსაც მოწინააღმდეგე დნეპრზე, სოფელ ლვოვოსთან აშენებდა.

























