უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაღუპული 541 სამხედროს ცხედრის დაბრუნება შეძლეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაღუპული 541 სამხედროს ცხედრის დაბრუნება შეძლეს

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების 541 ცხედრის უკრაინაში დაბრუნება უკვე მოახერხა. ამის შესახებ გაუჩინარებულ პირთა საკითხებში კომისარმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად მუშაობს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების დასაბრუნებლად.

2022 წლის მაისის ბოლოს კომისრის ოფისის დაარსებით კი ეს პროცესი დაჩქარდა.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით რუსულ მხარესთან კომუნიკაცია დამყარდა. აგრესორთან მოლაპარაკების გამართვა რთულია, მაგრამ უკვე მოვახერხეთ დაღუპული დამცველის 541 ცხედრის უკან დაბრუნება. მარიუპოლიდან სულ 428 ცხედარი გადმოასვენეს, რომელთაგან 300-ზე მეტი „აზოვსტალის“ დამცველია“, - აღნიშნა კოტენკომ.

კომისრის განცხადებით, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება დონეცკიდან, ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, ხარკოვიდან, ლუგანსკიდან და სხვა ადგილებიდან ხორციელდება.