ქუთაისის მერია „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის მერია „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

26-28 აგვისტოს ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც მერია განმარტავს, „GET LOST WITH WIZZAIR" – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად" ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტია და ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.

ამავე ცნობით, ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა - DMO იმერეთისა და ევროპის ყველაზე სწრაფადმზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის Wizz air abu dhabi-ს თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით, DMO იმერეთის მიერ შემუშავდა სპეციალური სამდღიანი პროგრამა.

„ უმნიშვნელოვანესი პროექტის მონაწილეა ქუთაისი. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი ქალაქი შეირჩა და 3 დღის მანძილზე ვუმასპინძლებთ არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს. პროექტის „GET LOST WITH WIZZAIR" – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად" მონაწილეები საუკეთესო მხრიდან გაიცნობენ ჩვენს ქალაქს და თავიანთ შთაბეჭდილებებს საერთაშორისო მასშტაბებით გაავრცელებენ, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის პოზიციონირებას მსოფლიო არენაზე".- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში.

ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ქუთაისის მერიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში.

ეს თანამედროვე სტანდარტების პროექტი ახლო აღმოსავლეთში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.