დმიტრო კულება - რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს - რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს

დმიტრო კულება - რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს - რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს

რატომ უნდა დაუწესდეს სანქციები რიგით რუსებს? - იმის გამო, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ ომს, ახარებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, ადიდებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე და უარყოფს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სტატიაშია აღნიშნული, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მართლაც, ინდივიდუალურია, არსებობს ასევე საერთო სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა რუსს უნდა დაეკისროს იმ საშინელებაზე, რომელიც უკრაინას მიაყენეს.

მიუხედავად ამისა, ომისადმი რუსეთის მასიური მხარდაჭერა არის მწარე რეალობა, რომლის შესაფასებლად ყველა ევროპელი ლიდერი მზად არ ჩანს.

აუცილებელია, რომ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი მათ გამოსაფხიზლებლად.

მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან ამ საზღვრების პატივისცემას“, - წერს კულება.

მისი თქმით, რუსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ: ევროპის განადგურება სურთ თუ იქ დასვენებით სიამოვნების მიღება.

„რა თქმა უნდა, რუსების მცირე უმცირესობა ეწინააღმდეგება პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს. ზოგიერთ მათგანს სამშობლოში დევნა ემუქრება და მათ უნდა შეუნარჩუნდეთ თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საჭირო პროცედურა დაუცველი ნაწილისთვის ძალაში დარჩება. ამასთან, ჰუმანიტარული ნიშნით შესვლა ასევე შესაძლებელი უნდა იყოს. მაგრამ ტურიზმი და არააუცილებელი მოგზაურობა ახლავე უნდა შეწყდეს. რუსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ: ევროპის განადგურება სურთ თუ იქ დასვენება?

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისინი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ტანკებისა და რაკეტების გამოყენებით აგრესიის განხორციელებას, ასევე მხარს უჭერენ ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიის განხორციელებას ენერგორესურსების იარაღად გამოყენებით გაზის ფასების და ინფლაციის გაზრდის მიზნით, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ არასტაბილურობას.

რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელის კოშკთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს და სურს, რომ ევროპელები გაიყინონ ამ ზამთარში“, - წერს მინისტრი.