უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას და მათი უკანონო გაშვილების მომზადებას

ოფიციალური კიევი მოსკოვს უკრაინელი ბავშვების უკანონო მასობრივი გაშვილების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას და რუსეთის მოქალაქეების მიერ მათი უკანონო გაშვილების მომზადებას” , - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობითვე, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი არალეგალურად ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან კიევი მოსკოვს უკრაინელების „დეპორტირებაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელები იძულებულნი არიან წავიდნენ რუსეთში და არა უკრაინის სხვა რეგიონებში.

























