მედია - ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსმა პარტიზანებმა "ნაციონალური რესპუბლიკური არმიიდან"

მედია - ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსმა პარტიზანებმა "ნაციონალური რესპუბლიკური არმიიდან"

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსმა პარტიზანებმა ე.წ. "ნაციონალური რესპუბლიკური არმიიდან".

„ეს ქმედება, ისევე როგორც მრავალი სხვა პარტიზანული ქმედება, განხორციელდა „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის“ მიერ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ტელეგრამარხ „როსპარტიზანზე“ გავრცელდა ორგანიზაციის მანიფესტის ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინი არის ხელისუფლების უზურპატორი და სამხედრო დამნაშავე, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გაწირა.

„ჩვენ გადავაყენებთ და გავანადგურებთ პუტინს! ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ დათმობს ძალაუფლებას, გავანადგურებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთები გაანადგუროს. ისინი მოუწოდებენ სამხედროებს, დაყარონ იარაღი და არ შეასრულონ პუტინის რეჟიმის ბრძანებები.

„მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგუნა დაიღუპა. კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს. „ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.