ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაზიანდა სახლები, სკოლა, მაღაზია და ეკლესია

საოკუპაციო ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
„ღამე სამი დაბომბვით. რუსულმა არმიამ ორ რაიონს - კრივოი როგსა და ნიკოპოლს დაარტყა. ნიკოპოლი ორჯერ დაიბომბა. 15 საარტილერიო ჭურვი ნიკოპოლის საცხოვრებელ უბნებში დაეცა. 57 წლის ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალაქში 15 კერძო სახლი, სკოლა, ავტომობილები, მაღაზია და ეკლესია დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ“, - აცხადებს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, კრივოი როგის რაიონში რუსებმა აპოსტოლოვოს დასახლება „ურაგანებით“ დაბომბეს, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

























