ისრაელი და თურქეთი სრულ დიპლომატიურ კავშირებს აღადგენენ

ისრაელი და თურქეთი სრულ დიპლომატიურ კავშირებს აღადგენენ

თურქეთმა და ისრაელმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ელჩების ხელახლა დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის ოფისმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ სრული დიპლომატიური კავშირების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონე სრულ დიპლომატიურ კავშირებამდე გაუმჯობესდეს და ელჩები და გენერალური კონსულები დაბრუნდნენ. ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას“, - აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ელჩების დანიშვნა ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, ორმა ქვეყანამ ერთმანეთის ელჩები 2018 წელს, ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის მკვლელობის გამო იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის წინააღმდეგ ღაზას საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გააძევა.