ვიტალი კლიჩკო - ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას

ვიტალი კლიჩკო - ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას

ყველაზე დიდი შეცდომაა ომის, როგორც რაღაც შორეულად მიჩნევა. ყველა უნდა გააქტიურდეს. ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გამოცემა The Times of Israel-თან განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას რომ უფრო მძლავრი რეაგირება ჰქონოდა 2014 წელს, ან რუსეთის მიერ აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში სეპარატისტების მხარდაჭერის მიმართ, უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

კლიჩკოს თქმით, უკრაინა მხოლოდ პირველი ეტაპია პუტინის მცდელობაში, აღადგინოს ნეოსაბჭოთა იმპერია.

„ისინი საუბრობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პოლონეთზე. ასევე არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაწილი საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. ჩვენ ვიყავით სსრკ-ში და არ გვინდა იქ დაბრუნება. ამ უაზრო ომის მიზეზი ძალიან ნათელია. ჩვენი სურვილია ვიყოთ ევროკავშირის, ევროპული ოჯახის ნაწილი და პუტინს არ სურს მისცეს შანსი უკრაინას იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, - აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, ახლა ყველაზე დიდი შეცდომა ნეიტრალური პოზიციის დაკავებაა.

„ამჟამად ყველაზე დიდი შეცდომაა ნეიტრალური პოზიციის დაკავება, თუ ისრაელი მხარს უჭერს დემოკრატიულ ფასეულობებს და უკრაინას მშვიდობიან ქვეყნად თვლის“, - აღნიშნა კლიჩკომ.

მან ისრაელს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

”რაც რუსეთმა გააკეთა, არის ყველა საერთაშორისო წესის დარღვევა. ჩემი გზავნილია: შეაჩერეთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა, რადგან ყოველი ცენტი, ყოველი დოლარი, რომელსაც რუსეთში გზავნით, სისხლიანი ფულია”, - აღნიშნა კლიჩკომ.