ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ დასრულდა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ დასრულდა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ დასრულდა. კინოთეატრ „საქართველოში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ღონისძიებას ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორი ქუთაისის მერია იყო, ხოლო თანაორგანიზატორი კომპანია „ოქროს პეპელა“.

„ფესტივალის მიმდინარეობის 3 დღის მანძილზე ჟიურიმ ათობით ფოტოს შორის საუკეთესოები ამოარჩია.

მთავარი პრიზი ("ილო 2022" ბრინჯაოს მოოქროვილი ქანდაკება) საუკეთესო ფოტო- პორტრეტისათვის გეორგიოს კაცამელოსს (საბერძნეთი) გადაეცა.

სპეციალური პრიზით ((ფოტო- კამერა "ილოს" ბრინჯაოს ქანდაკება) დაჯილოვდა იამზე ვაჩეიშვილი. პირველი ადგილის მფლობელი კი ზაქარია ჭელიძე გახდა.

ტიტული "ფესტივალის აღმოჩენა"( 20 წლამდე ასაკის ავტორს), საუკეთესო ფოტო -პორტრეტისათვის საბა ბოდოკიას მიენიჭა.

ჟიურის პირველი ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი მარი ათანაელს გადაეცა.

პრიზი „ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ ღვაწლმოსილ ქუთაისელ ფოტოგრაფს, ჯემალ სირბილაძეს გადაეცა.

ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის პრიზის მფლობელი, ეკატერინე ნენე ცომაია გახდა.

პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში რამდენიმე უკრაინელ ფოტოგრაფს გადაეცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ასე წარმატებულად ჩატარდა საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ . სრულიად ახლებურად, განსხვავებული კონცეფტით ჩავატარეთ წელს ეს ფოტოკონკურსი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც საფუძველი ჩაუყარა „ილოს“, ვინც 16 წლის მანძილზე ყოველწლიურად მუშაობდა კონკურსის ჩასატარებლად, განსაკუთრებული მადლობა „ილო 2022“-ის საორგანიზაციო ჯგუფს და ირაკლი ჯაოშვილს, რომლის იდეაც იყო ფოტოკონკურსის ფესტივალის ფორმატში ჩატარება.

საინტერესო ნამუშევრები ვიხილეთ და პროფესიონალურმა ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა თითოეული მათგანი. ვულოცავ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს!

ქუთაისი არის და იქნება ასეთი ფესტივალების ქალაქი. შემოდგომაზე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გიწვევთ!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.