გერმანიისა და შვედეთის მთავრობის მეთაურები - ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღი იმისთვის არის, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას

გერმანიისა და შვედეთის მთავრობის მეთაურები - ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღი იმისთვის არის, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას

უკრაინას გააჩნია უფლება, დასავლელი პარტნიორების, კერძოდ გერმანიის და შვედეთის მიერ მიწოდებული იარაღი, თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოიყენოს. ამის შესახებ გერმანიისა და შვედეთის მთავრობის მეთაურებმა ოლაფ შოლცმა და მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში დღევანდელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მიწოდებული იარაღით. ეს იარაღი იმისთვის არის, რომ უკრაინამ შეძლოს მისი მეშვეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა“, - განაცხადა შოლცმა კითხვაზე: შეუძლია თუ არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენოს გერმანიის და შვედეთის მიერ მიწოდებული იარაღი ყირიმის დასაბრუნებლად.

თავის მხრივ, ანდერსონმა ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა იმას, რომ შვედეთმა და გერმანიამ გადაწყვიტეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

„საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს დაიცვას და დაიბრუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და ამისთვის იარაღი გამოიყენოს“, - განაცხადა ანდერსონმა.

ორივე პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ევროპის ძალა ამ მძიმე დროს მდგომარეობს მის ერთიანობაში და განაცხადეს, რომ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.

„რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა ანდერსონმა.