ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ყირიმში აფეთქების დროს 8 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმში, „საკის“ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქება „თითქმის დანამდვილებით“ ოთხი საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად მოხდა, თუმცა აფეთქებების თავდაპირველი მიზეზი გაურკვეველია.
უწყების შეფასებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი სუ-24 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი სუ-30 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი „თითქმის ნამდვილად“ განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა.
“საკის“ ცენტრალური ზონა სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ აეროდრომი სავარაუდოდ ექსპლუატაციაში რჩება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„რვა საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა წარმოადგენს იმ თვითმფრინავების უმნიშვნელო ნაწილს, რომლის გამოყენებაც რუსეთს ომის მხარდასაჭერად შეუძლია, თუმცა, „საკი“ ძირითადად გამოიყენებოდა, როგორც რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ბაზა. ფლოტის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუს სამხედროებს, გადახედონ საფრთხის აღქმას,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

























