ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, „ზიაბროვკას” სამხედრო აეროდრომზე „ერთ-ერთი ტექნიკა აალდა“

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო წუხელ “ზიაბროვკას” სამხედრო აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ირწმუნება, რომ ინციდენტის მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის“ აალება გახდა.
„10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძრავის გამოცვლის შემდეგ ერთ-ერთი ტექნიკა აალდა. პერსონალმა დროულად მიიღო ზომები ცეცხლის ჩასაქრობად. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომელის რაიონში მდებარე „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „ზიაბროვკას“ აეროდრომს რუსეთი აკონტროლებს.

























