ბენ უოლესი ყირიმის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებზე - უკრაინის მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურია ლეტალური ძალის გამოყენება, იმისათვის, რომ დაიბრუნოს თავისი ტერიტორია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ყირიმში მდებარე „საკის“ სამხედრო აეროდრომი უკრაინის "ლეგიტიმური სამიზნეა".
"უპირველეს ყოვლისა, რუსეთი უკანონოდ შეიჭრა არა მხოლოდ 2014 წელს, არამედ ახლაც უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას, გაეროს მუხლების თანახმად, აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და მოიმოქმედოს ის, რაც მას სჭირდება დამპყრობელი ძალების წინააღმდეგ. უკრაინის მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურია ლეტალური ძალის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ არა მხოლოდ თავისი ტერიტორია დაიბრუნოს, არამედ უკუაგდოს დამპყრობლები“,- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე „საკის“ აეროდრომზე სამშაბათს რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გამოცემა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგას, რომელმაც სამხედრო ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა.

























