მიხაილო პოდოლიაკი - სტამბოლის კომუნიკემ გარკვეული განახლება უნდა გაიაროს - ემოციური ფონი უკრაინაში ძალიან შეიცვალა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ სტამბოლში შეთავაზებულ კომუნიკესთან დაბრუნება შეუძლებელია, ვინაიდან რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო საზოგადოებაში ემოციური ფონი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„ჩემი აზრით, სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება შეუძლებელია. ემოციური ფონი უკრაინაში ძალიან, ძალიან შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ომის დანაშაული პირდაპირ ეთერში. უკრაინული საზოგადოება ალბათ, არ დაეთანხმება, რადგან მოქალაქეები მიხვდებიან, რომ თუ ამ დანაშაულებზე რუსეთს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მაშინ ეს დანაშაულები ამა თუ იმ ფორმით გაგრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, ამიტომ სტამბოლში შეთავაზებულმა კომუნიკემ გარკვეული განახლება უნდა გაიაროს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
29 მარტს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელზედაც უკრაინამ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე წინადადება წარადგინა, რომელთა შორის იყო უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება. ეს იყო მხარეებს შორის პირისპირ გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი.

























