რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა.
მათივე ცნობით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
„პაციენტებს საშუალება ექნებათ, თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია მიიღონ. ასევე დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები ჩაიტარონ. აქვე უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დასაწყისში გაიხსნა. კლინიკამ, ზემო სვანეთიდან, სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 000-ზე მეტ კოვიდპაციენტს უმკურნალა. ასევე აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში. კლინიკაში არის დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც, რომელიც უახლესი სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და ჰემოდიალიზზე დამოკიდებული ადგილობრივ პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























