თეთრი სახლის წარმომადგენელი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმებს სწორედ რუსული მხარე ახორციელებდა - აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი სახის აქტივობა ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმებს სწორედ რუსული მხარე ახორციელებდა, მიუხედავად მათი პროპაგანდისა, რომ ამას უკრაინა აკეთებდა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ნებისმიერი სახის აქტივობა ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს,- ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა მედიასთან განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
„აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო და ეროვნული სამმართველო ბირთვული საფრთხის საკითხებში, აცხადებენ, რომ რადიაციული კონტროლის ცენტრი აგრძელებს მონაცემების გაზიარებას და საბედნიეროდ, არ გვაქვს რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები“,- განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
კარინ ჟან-პიერის თქმით, საბრძოლო მოქმედებების წარმოება ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს, უკიდურესად სახიფათოა.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, შეწყვიტოს ყველა საბრძოლო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს და მათზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნონ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

























