გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, კუმისში ცენტრალურ ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭება

2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, მიხეილ გედეხაურთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო ექიმის, ზურა ბეგიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. დღეს, გმირი სამხედრო ექიმის, ზურა ბეგიაშვილის ხსოვნას პატივი მივაგეთ. ზურა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მიღებული აქვს ,,სამშობლოსათვის თავდადებულის" მედალი. ჩემთვის პატივია, რომ სულ მალე ზურას მშობლიურ მხარეში, კუმისში, მისი ხსოვნის პატივსაცემად და მისი სახელის უკვდავსაყოფად ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას „ზურა ბეგიაშვილის" სახელი დაერქმევა", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ზურა ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოს ომში 28 წლის ასაკში დაიღუპა.

























